2017 წლის 16 ივნისს გურჯაანის ნაყინის ქარხანაში ახალი საწარმოო ხაზის გახსნის ცერემონია გაიმართა. ღონისძიებას ქარხნის მეპატრონე და მმართველი დირექტორი ბ-ნი გურამ ბერიკაშვილი, ევროკავშირის ელჩი საქართველოში ბ-ნი იანოშ ჰერმანი და კახეთის გამგებელი ბ-ნი ირაკლი ქადაგიშვილი მასპინძლობდნენ.
მიუხედავად იმისა, რომ საწარმო მრავალი წელია, ფუნქციონირებს, გახსნის ღონისძიება EU4Business-EBRD-ის საწარმოთა მოდერნიზაციის საკრედიტო პროგრამით მიღებული ხაზის გაშვებას მიეძღვნა.
აღნიშნული ინვესტიცია გურჯაანის ნაყინის ქარხანას წარმოების, პროდუქციის ხარისხის და თანამშრომელთა ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების ევროპული დირექტივების დაცვის საშუალებას მისცემს.
მას შემდეგ, რაც წარმოების ხაზი სრულად იქნება დამონტაჟებული, კომპანია ასევე მიიღებს ევროგაერთიანების მიერ გამოყოფილ გრანტს.
ევროკავშირის ელჩმა ქარხნის თანამშრომლებისადმი მიმართვაში ხაზი გაუსვა EU4Business-EBRD-ის საკრედიტო ხაზის პროგრამის ფართო შესაძლებლობებს და აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ მათ ალბათ სატელევიზიო გადაცემებიდან ჰქონდათ ინფორმაცია გრანტებისა და ტექნიკური მხარდაჭერის შესახებ, ამ საწარმოში პროექტი ხელშესახებ რეალობად იქცა.
გარდა გრანტისა და საკრედიტო ხაზისა, გურჯაანის ნაყინის ქარხანას ტექნიკურ მხარდაჭერას და კონსულტაციას გაუწევენ ინჟინერთა საერთაშორისო და ადგილობრივი გუნდები. აღნიშნული მხარდაჭერა უფასო იქნება კომპანიისთვის და ხარჯებს ევროკავშირი დაფარავს.
„ამ ქარხანაში ჩემი 30-წლიანი მუშაობის განმავლობაში პირველად მივიღეთ ასეთი უპრეცედენტოდ მაღალი დონის კონსულტაციები და ტექნიკური მხარდაჭერა, რომელიც EU4Business-EBRD Credit Line-ის კონტრაქტორი კომპანიის – D’Appolonia-ს ინჟინრებმა გაგვიწიეს“,- განაცხადა ბ-მა გურამ ბერიკაშვილმა.
EU4Business-EBRD საკრედიტო ხაზი ხელმისაწვდომია საქართველოში რეგისტრირებული ყველა კომპანიისთვის, რომლებსაც საკუთარი პროდუქციისა და წარმოების პროცესების ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა, გაუმჯობესებული ხარისხის პროდუქციისა და წარმოების მოცულობის გაზრდა სურთ.
პროგრამა მოიცავს კრედიტებს, რომლებიც ადგილობრივი პარტნიორი ბანკების მიერ გაიცემა, ასევე ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ გრანტებსა და უფასო ტექნიკურ მხარდაჭერას.
დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს www.eu4business-ebrdcreditline.ge, ან დაუკავშირდით
პროექტის ოფისს.